Saturday 20 November 2010

ქართველი პოეტის გაბაასება მშობლიურ ლექსთან




შემუსრე უმსგავსო დრაკონთა ორგია

იხსენი სამშობლო ჩემი გეორგია

ზ. გამსახურდია





ქართულო ლექსო ო როგორ მიყვარს

შენი სიტყვების რახი და რუხი

თაყვანს გცემ როგორც ვიღაცა - მყინვარს

როგორც რომ სადღაც ყვავის თავთუხი


როგორც ოდესღაც რევაზ შალვას ძე

ახლა მე ვიქნევ ხელებს და ფეხებს

კვლავაც ხომ ვეტრფი გაშლილ დალალებს

ვუმღერი იებს ვარდებს და ნეხვებს


ვეტრფი დუდუკებს, ქალებს და ღვინოს,

მთვარეს, დაკარგულს სადღაც ღრუბლებში

ქართლისა მომქცევს წმინდასა ნინოს

ყივჩაღს დამალულს ხოდაბუნებში


ვუმღერ სიყვარულს, მა რას ვუმღერო

ო იმ ჩემს სატრფოს, მუდამ იისფერს

და ჩემს სიყვარულს, ასეთ ბუმბერაზს

ის იისფერი არად მიიჩნევს


ვუმღერ სამშობლოს, ასეთ დიდებულს

ასეთ წამებულს და იავარქმნილს

თითქმის ზეცაში გამოკიდებულს

რომელსაც ნაზი წვიმა დავარცხნის


დიდო მეფეო, შენ გევედრები

გადამირჩინე ეს იბერია

გადაარჩინე და გააბრწინე

ისე რომ გახდეს კვლავ იმპერია!


როგორც ოდესღაც იყო გორგალსის

იყო თამარის ნეტარ დროებას

ხოლო ის ჟამი ბოლო ორასწლის

გაქრეს და კუდი აღარ მოებას!


სხვა იმპერია, ო ის ბოროტი

დაშალე ისე, რომ ვერ აეწყოს

როგორც კიბორგი, როგორც რობოტი

მოსპე თახსირი, ღმერთმა დასწყევლოს!


ო ჩემო ლექსო, ჩემო სულიკო

არ ვიცი მე გწერ, შენ მწერ თუ ვინ გწერს

როგორც არ უნდა დაღალულ იყო

მაინც ვერავინ წინ ვერ გაგისწრებს


ქართულო ლექსო ო როგორ მიყვარს

შენი სიტყვების რახი და რუხი

თაყვანს გცემ როგორც ვიღაცა - მყინვარს

როგორც რომ სადღაც ყვავის თავთუხი


No comments: